ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ რუსეთი „მძიმე ფასს" გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. CNN-ს ცნობით, შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ 10 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს.

ჯო ბაიდენმა დაამატა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს „თითქმის ყოველდღიურად" ესაუბრება. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ერთად იმოქმედონ კრემლის წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის სახმელეთო ჯარებს უკრაინაში.

„თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას რუსული ძალებისგან თავის დასაცავად იარაღი აქვს. ჩვენ გავაგზავნით ფულს და საკვებს უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. თუ უკრაინელი ლტოლვილები ჩვენსკენ იქნებიან მომავალნი, მათ ხელგაშლილი მივესალმებით”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


ასევე წაიკითხეთ

ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს